სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
11:20 07.03.2012
საქართველოს პროკურატურამ სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
"საქმის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გარდაცვლილის მიერ პოლიციის შენობაში მიღებული ტრავმების თვითმხილველთა და ფაქტზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე პირთა დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ,"- ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ოჯახის წევრების ჩვენების მიხედვით, ქიმერიძე დაკითხვის მიზნით, სახლიდან პოლიციის მუშაკებმა დაახლოებით 11:30 საათზე წაიყვანეს. თავად დაზარალებული თამაზ გამგონიძე პოლიციის შენობაში 16:25 საათზე მივიდა და მისი გამოკითხვა გამომძიებელ ზაზა ტაბატაძესთან 25 წუთი გაგრძელდა.
აქვე პროკურატურა რამდენიმე დეტალს განმარტავს.
"ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსი გიორგი ხარშილაძე სამუშაო კაბინეტში, ხაშურში მომხდარ ქურდობასთან დაკავშირებით სოლომან ქიმერიძეს გაესაუბრა. შეხვედრა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც ქიმერიძემ კაბინეტი დატოვა. მისი თანმხლები ინსპექტორ-გამომძიებელ მალხაზ ციყელაშვილი და სოლომან ქიმერიძე შენობის მე-3 სართულზე გიორგი ხარშილაძის კაბინეტში იმყოფებოდნენ. ჩამოსვლისას კიბესთან მალხაზ ციყელაშვილი რამდენიმე საფეხურით დაწინაურდა. მან მოაჯირის ხმა გაიგონა, შემობრუნდა და დაინახა, რომ სოლომან ქიმერიძე მოაჯირიდან ვარდებოდა. ხელის წავლება სცადა, მაგრამ ვერ მოასწრო. ქიმერიძე პირველი სართულის იატაკზე დაახლოებით 17:30 საათზე დაეცა,"- აღნიშნულია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, განყოფილებაში მყოფი პოლიციის მუშაკების ჩვენებებით, სოლომან ქიმერიძე პოლიციის შენობაში დაახლოებით 12:00 საათიდან იმყოფებოდა და მის მიმართ რაიმე ძალადობრივ ან ფიზიკური ზემოქმედების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. მისი გადავარდნისთანავე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომელმაც იგი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანა.
"ექიმ-რეანიმატოლოგის ზვიად ლომიძის და მორიგე ექიმის პოღოს ავაქიანის ჩვენებების მიხედვით, ქიმერიძემ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ ექიმებს მათი კითხივს პასუხად განუცხადა, რომ მისი ტრავმების მიღების მიზეზი გადავარდნა იყო. იმავე დღეს, 23 საათსა და 40 წუთზე ქიმერიძე გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, გარდაცვლილს სხეულზე ცემა-წამების კვალი არ აღენიშნება, ხოლო გარდაცვალება სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად მიღებულმა ტრავმებმა გამოიწვია,"- განმარტებულია განცხადებაში.


ბეჭდვა