შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი სამყაროს ავტორიტეტი ე.წ. „კანონიერ ქურდი“ ვალერი ბორისის ძე ჯანაშია, მეტსახელად „ვალტერი“ დააკავეს.
როგორც „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პოლიციაში მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ 2012 წლის 26 ოქტომბერს, ვალერი ჯანაშია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდა. ჯანაშია წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა.
მისი დაკავება კი ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2012 წლის 8 ნოემბერს თბილისში მოხდა.
ვალერი ჯანაშიას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.