თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატ არჩილ კბილაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, ნუგზარ ხუციშვილთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულს უწოდებს.
როგორც "ნიუსპრესს" საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლოს სარჩელის განხილვაზე უარი არ განუცხადებია.
"მიმდინარე წლის 2 მარტის განჩინებით, ხუციშვილს დაუდგინდა ხარვეზი იმიტომ, რომ ნაცვლად სარჩელისა, მას სასამართლოსთვის საჩივრით უნდა მიემართა. ხარვეზის დადგენა არ წარმოადგენს სარჩელზე უარის თქმას და ამით პირს არ ეზღუდება სასამართლოსთვის მიმართვის უფლება,"- განმარტავენ საქალაქო სასამართლოში.
მათი ინფორმაციით, ხუციშვილს დაუბრუნდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი, ვინაიდან საჩივრის წარდგენისას სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.
"აღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლოა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს სასამართლო პრაქტიკის იგნორირებას ან შეცვლას. თბილისის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ იგი ნებისმიერ საქმეს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი წესით",- განმარტავენ სასამართლოში.
"ქართუ ჯგუფის" ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქალაქო სასამართლო ნუგზარ ხუციშვილს მოუწოდებდა არა სარჩელით, არამედ საჩივრით მიემართა. ადვოკატის განმარტებით, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება.
2012 წლის 27 თებერვალს საქართველოს კონტროლის პალატამ მიიღო დადგენილება, რომლითაც შპს "ქართუ მშენებელი", საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" და ფიზიკური პირი ნუგზარ ხუციშვილი 200-200 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. ამის საფუძველი, კონტროლის პალატის განცხადებით, ნუგზარ ხუციშვილის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნებისათვის" უკანონოდ შეწირული 20 ათასი ლარი გახდა.
