ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საგანგებო მიმართვას ავრცელებს და საპარლამენტო უმრავლესობას სახალხო დამცველის პოსტზე
რამდენიმე კანდიდატის წარდგენისკენ მოუწოდებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატების წარდგენის და მხარდაჭერის საზოგადოებრივ მოძრაობაში, საპარლამენტო უმრავლესობის 2012 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება არღვევს შეთანხმებას საზოგადოებასთან და ეწინააღმდეგება ამავე საზოგადოების მაღალ ინტერესს, რადგანაც გამარჯვებული კოალიციის მხრიდან, ოფიციალურ და არაოფიციალურ დონეზე არსებობდა პოლიტიკური ნება და მზაობა, პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე, საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან შეთავაზებული ერთ–ერთი კანდიდატი აერჩია.
მათივე თქმით, საზოგადოებამ ომბუდსმენის საკითხთან პოლიტიკური ნება და სამოქალაქო აქტივიზმი დემოკრატიის მნიშვნელობის ფაქტად მიიჩნია. ამიტომაც აუცილებელია, პარლამენტმა განმარტოს, რატომ აღმოჩნდა საზოგადოება სხვა რეალობაში. ფაქტი ერთია, საპარლამენტო უმრავლესობამ, მართალია, სახალხო დამცველად საკუთარი კანდიდატი შემოგვთავაზა და ამით კანონი არ დაურღვევია, მაგრამ ღიად შეილახა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო სექტორისთვის მიცემული პირობის ერთგულება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართავენ, რომ – სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატურის წარდგენისას გაითვალისწინონ კანდიდატთა პროფესიული შესატყვისობა, გამოცდილება, რეპუტაცია და განსაკუთრებით საზოგადოებრივი აზრის განწყობა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საპარლამენტო უმრავლესობას სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატურის წარდგენას ურჩევენ.
„უწინარეს ყოვლისა, ქალბატონი ლია მუხაშავრია, ყველაზე პრინციპული, ავტორიტეტული, პროფესიონალი და ყველაზე რეიტინგულიკანდიდატი, ასევე მაღალი რეპუტაციის მქონე მაღალი რანგის სამართლის სპეციალისტი, ბატონი გელა ნიკოლაიშვილი და კანდიდატთა შორის ყველაზე პოპულარული პატიმართა და მათ ნათესავებს შორის, ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე, თუმცა მისი ცალკეული შეხედულებები სერიოზულ ხელშემშლელ გარემოებად სამართლიანად არის მიჩნეული“-აღნიშნულია მიმართვაში.
მათივე თქმით, ყველა სხვა კანდიდატი ღირსეული,მაგრამ არასაკმარისად კომპეტენტური, ცნობადი და პრინციპულია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ახლადარჩეულ პარლამენტს ურჩევს არ დაუშვას სერიოზული შეცდომა და ობიექტურად განახორციელონ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი.
„ვისურვებდით ახლადარჩეულ პარლამენტს არ დაეშვა ერთ–ერთი პირველი სერიოზული შეცდომა. ვიმედოვნებთ, რომ დარღვეული ვადების მიუხედავად, პარლამენტი სწრაფად მოახდენს სახალხო დამცველის არჩევას, ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სახალხო დამცველის კანდიდატებისთვის საკომიტეტო მოსმენები იქნება ღია და საჯარო და ამასთან არ მიიღებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის ბიუჯეტის შემცირების გადაწყვეტილებას“- ნათქვამია განცხადებაში.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას და პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ შედიან.
