თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
15:02 07.11.2012
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად, თავდაცვის მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 6 სამხედრო მოსამსახურეს. ამასთან ბაჩანა ახალაიამ ერთ-ერთ სამხედრო პირს - შოთა ბედოშვილს თავში დანის ტარი ჩაარტყა.
აღნიშნულის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ ზემოაღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ვაზიანში დისლოცირებულ მე-4 ბრიგადაში გადაიყვანა. აქ, ბრიფინგის ოთახში ისინი კვლავ სცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შემდეგ დაზარალებულთა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგრძელდა მე-4 ბრიგადის პირადი შემადგენლობის, დაახლოებით 20-30 კაცის წინაშე, ეზოში (ე.წ. „პლაცზე“) მოწყობილი სამხედრო მოსამსახურეების თვალწინ“ - აღნიშნულია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნენ ბაჩანა ახალაია, ზურაბ შამათავა და გიორგი კალანდაძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ბეჭდვა