სააპელაციო სასამართლო „მწვანე ალტერნატივას“ საჩივარს განიხილავს
სააპელაციო სასამართლო „მწვანე ალტერნატივას“ საჩივარს განიხილავს
12:31 07.11.2012

თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“-ს საჩივარს განიხილავს.

ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 31 მაისს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლას ითხოვს.

როგორც „ნიუსპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, ისინი საქალაქო სასამართლოს გარემოს დაცვის მინისტრის მიერ კანონის უხეში დარღვევით გამოცემული ბრძანების გაუქმებას სთხოვდა, რომლითაც „დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა.

საქალაქო სასამართლომ „მწვან ალტერნატივას“ გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი დარიალის ხეობის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.

„პროექტის განხორციელების შემთხვევაში 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ‐იან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ‐ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობას. პროექტს ექნება შეუქცევადი ზეგავლენა მდინარეზე დამოკიდებულ სახეობებზე, მათ შორის, წითელ ნუსხაში შეტანილ ნაკადულის კალმახზე და გამოიწვევს თერგში
ამ პოპულაციის გაქრობას“-ნათქვამია „მწვანე ალტერნატივის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2011 წლის სექტემბერში დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, საქართველო‐რუსეთის საზღვართან ახლოს 110 მეგავატი სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის ‐ 90%‐ის მოქცევას ჯერ სადერივაციო მილსადენში და შემდგომ სადერივაციო გვირაბში აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ნაწილს დაცული
ტერიტორიის სტატუსი მოეხსნა.

ბეჭდვა