საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილს ბრალის შეწყვეტასა და დაყადაღებული ქონების დაბრუნებაზე უარი უთხრა. ამის
შესახებ „ნიუსპრესს“ ბეგიაშვილმა აცნობა.
ბიზნესმენის განცხადებით, მისი ბრალეულობისა და ქონების ბედი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყდება.
დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამა წლის 5 ნოემბერს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილია.
„მის ხელშია გავლილი „თელასის“ თანამშრომლის გიორგი გვიჩიანის საქმე, რომელიც დღემდე არ აღიარებს დანაშაულს და სიმართლის დასამტკიცებლად იბრძვის, ასევე, სანდრო გირგვლიანის საქმე, რომლის განაჩენი პირველ ინსტანციაში გიორგი ჩემიას განხილვის შემდეგ, ამ ქალბატონმა ძალაში დატოვა“-აღნიშნავს ბეგიაშვილი და დასძენს, რომ აღნიშნული მოსამართლის სახელთანაა დაკავშირებული ასევე რამდენიმე ადვოკატისთვის სასჯელის შეფარდებაც.
ბეგიაშვილის კუთვნილი კომპანია „ვაკე-5“-ისა და „ალბატროს ჯგუფის“ იურისტებმა საქართველოს პროკურატურას ბიზნესმენის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მოთხოვნით ცოტა ხნის წინ მიმართეს. მათ ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან „ვაკე-5“-ის საკუთრების აღიარების აღდგენა ითხოვეს.
ამასთან, საქართველოს პროკურატურას გამოსაძიებლად გადაეცა ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილე პირთა სიაც.
ჰოლდინგური კომპანია „ვაკე-5“-ის და „ალბატროს ჯგუფის“ მფლობელი და დამფუძნებელი შვეიცარიაში დევნილი ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილია.
