წელს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ 9,7% შეადგინა
წელს გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ 9,7% შეადგინა
17:04 23.10.2012
სასამართლოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 24,3% შემცირდა პირველი ინსტანციის სასამართლოებში შესული სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობა, ხოლო მსჯავრდებულთა რაოდენობამ 31%-ით იკლო.

სასამართლოს საქმიანობის ცხრა თვის მონაცემები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა მეიშვილმა დღეს საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

მეიშვილის თქმით, ასევე შემცირდა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებების მაჩვენებელი - საპატიმრო სასჯელების რაოდენობამ 44,4 %, ხოლო არასაპატიმრო სასჯელების რაოდენობამ 55,6% შეადგინა.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ გამოყენებულ ძირითად სასჯელებს, 9 თვის მონაცემების მიხედვით, სასამართლოს მიერ გამოყენებული არასაპატიმრო სასჯელების ხვედრითი წილი 57,7 პროცენტს შეადგენს. როგორც მეიშვილმა აღნიშნა, სულ მსჯავრდებული 9 162 პირიდან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 3871 პირს, პირობითი მსჯავრი 4258-ს, ჯარიმა 620-ს, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა კი 405 პირს დაეკისრა. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 5,7-ჯერ უფრო მეტ მოქალაქეს შეეფარდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, არსებითად განხილულ საქმეებში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 9,7 % შეადგენს.

9 თვის მონაცემით, 28,2%-ით შემცირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები, ხოლო 734 სამართალდამრღვევს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა. ამასთან, გამოყენებულ ადმინისტრაციულ სახდელებში 79,5% არასაპატიმრო სახდელია.




ბეჭდვა