გარდაცვლილი ჯარისკაცის საქმის განხილვის გადადებას გორის სასამართლოში ხმაური მოჰყვა. 18 წლის ჯარისკაცის კობა მახარაშვილის წამებასა
და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული თენგიზ გელაშვილი დღეს უნდა დაეკითხათ, თუმცა, სასამართლო სხდომა გაურკვეველი მიზეზების გამო შეწყდა და 31 ოქტომბრისთვის გადაიდო.
აღნიშნული ფაქტი ჯარისკაცის ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს. მათი განმარტებით, ისინი გურჯაანში ცხოვრობენ და უსახსრობის გამო ადვოკატის აყვანას ვერ ახერხებენ. მათივე თქმით, სასამართლო დავა ერთი თვეა მიმდინარეობს, პროცესები კვირაში ერთხელ ტარდება და ერთი საათი გრძელდება. ოჯახის წევრებს შორი მანძილისა და უსახსრობის გამო გორის რაიონულ სასამართლოში ყოველ კვირაში მისვლა უჭირთ.
პროცესის გადადების შემდეგ გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
გორის 51-ე ბატალიონის ჯარიკაცი კობა მახარაშვილი 2012 წლის 11 ივლისს სამხედრო ნაწილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების მასალების მიხედვით, გარდაცვლილი ასეულის მეთაურმა აწამა, რის შემდეგაც ჯარისკაცმა თავის ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა.
