გელა ნიკოლაიშვილი თორნიკე მოლაშვილის ვიდეომიმართვას სტრასბურგში მტკიცებულების სახით გაგზავნის
გელა ნიკოლაიშვილი თორნიკე მოლაშვილის ვიდეომიმართვას სტრასბურგში მტკიცებულების სახით გაგზავნის
11:48 20.10.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანებამ“ კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვა წარმოადგინა, რომელიც მის დაპატიმრებამდე ორი თვით ადრეა ჩაწერილი.

ამის შესახებ დღეს „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ, თორნიკე მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა და ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც ნიკოლოზ მჟავანაძემ აღნიშნა, თორნიკე მოლაშვილის ვიდეომიმართვა 2011 წლის 22 მაისსა ჩაწერილი ის მოლაშვილის მეუღლის მიერაა გადაღებული.

მისი თქმით, ვიდეომასალაში თორნიკე მოლაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება დაპატიმრებას უპირებს.

„მან დაპატიმრების შესახებ წინასწარ იცოდა. ამიტომ, ვიდეომიმართვაში ის საუბრობს თუ როგორი ბრალდებით უპირებს ხელისუფლება დაპატიმრებას. კერძოდ, იარაღის ან ნარკოტიკების ავტომანქანაში ჩადებით“-განაცხადა მჟავანაძემ.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ვიდეომასალა რომელიც ოჯახს აქამდე დაკარგული ეგონა თორნიკე მოლაშვილის უდანაშაულობის დამამტკიცებელი სერიოზული მტკიცებულებაა.

მისი თქმით, მასალა სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლოში მტკიცებულების სახით გადაიგზავნება, რომლის საფუძველზეც როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება, საქმის ხელახლა გადახედვაა შესაძლებელი.

როგორც პრესკონფერენციაზე თამაზ მოლაშვილმა აღნიშნა, მისი შვილის დაპატიმრების შემდეგ, სახლში ჩხრეკა რამდენჯერმე ჩატარდა, ამიტომ ოჯახს აღნიშნული ვიდეომასალა დაკარგულად მიაჩნდა, თუმცა თორნიკე მოლაშვილის მეუღლემ მასალა ბავშვების კასეტებთან ორი დღის წინ იპოვა.

თორნიკე მოლაშვილი 2011 წლის 21 ივლისს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ბრალდებით დააკავეს.

აღნიშნული მუხლი ნარკოტიკების შენახვა გადატანას გულისმხობს. რისთვისაც მას რვა წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.






ბეჭდვა