პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ეკა ბესელიას განცხადებით, უკანონოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების გადასინჯვის ტვირთი პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას დაეკისრება.
როგორც მან დღეს „მაესტროს“ პრესკლუბში განაცხადა, გადაწყვეტილებების გადასინჯვა უმძიმესი სამუშაო იქნება.
„წარმომიდგენია, რამდენად რთული დატვირთვა ექნება პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და სასამართლოს. ეს ტვირთი იმ საგამოძიებო კომისიის მხრებზე გადანაწილდება, რომლის შექმნასაც პარლამენტში ვაპირებთ“ - განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, კომისიის მიერ განსახილველი თემები მომდევნო კვირაში, პარლამენტის პირველი სხდომის პროცედურის გავლის შემდეგ გახდება ცნობილი.
ბესელიას თქმით, კომისიას ფართო დატვირთვა ექნება და საარჩევნო პროცესში არსებულ გაყალბებებთან დაკავშირებულ კანონდარღვევებთან ერთად, ადმინისტრაციულ ან სხვა ტიპის საქმეებზე იმუშავებს.
„კომისიის ფუნქცია დუბლირებული არ იქნება და არ გააკეთებს იმას, რაც პროკურატურამ, პოლიციამ ან სასამართლომ უნდა გააკეთოს, მაგრამ მას იმ ტიპის ფუნქცია ექნება, რასაც სხვა ვერცერთი უწყება ვერ აიღებს. ალბათ გესმით, რამდენად ბევრი საჩივარი შევა კომისიაში“ - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, ტელეკომპანია „იმედთან“ და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ საკითხებს, რიყეზე დანგრეული კერძო საკუთრების, ასევე, ჭრელი აბანოების მესაკუთრეებისთვის ჩამორთმევის ფატქბეს აუცილებლად გამოიძიებენ.
