გერმანიაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ხიბარ ხალვაში, მისი კომპანიების „არტის”, „პრიზას”, „ინტერნეიშენალ ბილდინგ კომპანის” და „ლივო გრუპი“-ს დასაბრუნებლად სამართლებრივი
ბრძოლის სტრასბურგიდან საქართველოში გადმოტანას გეგმავს.ამის შესახებ ხალვაშის კომპანიების ადვოკატმა პაატა სალიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ კომპანიებთან დაკავშირებით, განაცხადებები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილია, თუმცა, ვინაიდან, სტრასბურგის სასამართლოს ბევრი განსახილველი საქმე აქვს, გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის. ამიტომ, ადვოკატი გეგმავს, რომ საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის შემდეგ, საქმის გამოძიების თხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართოს.
„1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა შექმნა ახალი რეალობა, რომელშიც შესაძლებელი იქნება სამართლიანი სასამართლოს პირობებში გადაიხედოს პოლიტიკურად მოტივირებული უკანონი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იყო საქართველოს სასამართლოების მიერ და რომელთა საფუძველზეც ერთ დროს წარმატებულ კომპანიებს ქონება სრულად ჩამოერთვათ და ბიზენსსაქმიანობის გაგრძელების საშუალება აღარ მიეცათ“ - განაცხადა სალიამ.
ადვოკატის თქმით, აღნიშნული კომპანიების ქონება სახელმწიფო უწყებებმა მიისაკუთრეს. კერძოდ, ადვოკატის თქმით, „ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი“ და „პრიზას“ ბალანსზე არსებული ქონება თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებს გადაეცა.
პრესკონფერენციაზე, ასევე იმყოფებოდა „ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანის“ ყოფილი დირექტორი მალხაზ ოსაძე, რომელმაც კომპანიის განადგურებაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები კერძოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ბაჩო ახალაია და თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილი დაადანაშაულა.
კომპანიების ადვოკატი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში თავად ხიბარ ხალვაში ჩამოვა, რომელიც კომპანიების დაბრუნებისთვის ბრძოლას საქართველოში განაგრძობს.
