ხაშურის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ხაშურის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
15:48 06.03.2012
ბრალდებული სოსო ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ხაშურის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.  ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისიტრო ავრცელებს.
"მიმდინარე წლის 27 თებერვალს ხაშურის პოლიციის შენობაში მომხადრი უბედური შემთხვევის დროს სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ხაშურის პოლიციის უფროსის გიორგი ხარჩილაძის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ პოლიციის შენობაში არ მოხდა უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ხაშურის რაიონული პოლიციის უფროსად გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი კახაბერ ბერუაშვილი დაინიშნა.
ბრალდებული სოსო ქიმერიძე ხაშურის პოლიციაში 28 თებერვალს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით ,იგი კიბის მოაჯირიდან გადავარდა.

ბეჭდვა