საქართველოს მთავარ პროკურატურას ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელეობასთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლის საფუძველი მხოლოდ შესაბამისი მიმართვის შემთხვევაში ექნება.
ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა არჩილ კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პროკურატურაში შესული ნებისმიერი განაცხადი შესწავლილი იქნება მხოლოდ ერთი კუთხით - რამდენად არსებობს დანაშაულის ნიშნები.
„სხვა რაიმე პოლიტიკური მოტივაცია, რომ დაისაჯოს ესა თუ ის პირი, რადგან საზოგადოებრივი აზრით მან კანონდასჯადი ქმედებები ჩაიდინა, არაფერს ნიშნავს. ნებისმიერი გადაწყვეტილება მტკიცებულებას უნდა ეყრდნობოდეს“ - განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ რაც არ უნდა დიდი იყოს საზოგადოებრივი განწყობა ამა თუ იმ პირის დამანაშავეობასთან დაკავშირებით, ეს განაჩენზე გავლენას ვერ იქონიებს.
როგორც მთავარი პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, ვინმეს პასუხისგებაში მიცემის გადაწყვეტილების საფუძვლად არსებული მტკიცებულება აუცილებლად გასაჯაროვდება.
