საქალაქო სასამართლო კონტროლის პალატის მიერ დაჯარიმებული, კომპანია "ქართუ მშენებელის" თანამშომლის ნუგზარ ხუციშვილის სარჩელს არ განიხილავს.
"ქართუ ჯგუფის" იურისტის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ხუციშვილს სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი უკვე უთხრა.
" 2 მარტს ხუციშვილმა სასამართლოს განჩინება მიიღო, რომლის მიხედვითაც მას სასამართლო მოუწოდებდა არა სარჩელით, არამედ საჩივრით მიემართა", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
იგი განმარტავს, რომ სარჩელსა და საჩივარს შორის რამდენიმე განსხვავებაა - სარჩელი შესაძლოა, თვეების მანძილზე იხილებოდეს, საჩივარზე კი, გადაწყვეტილება 2-3 კვირაში მიიღება.
"სასამართლომ პრაქტიკა მხოლოდ იმიტომ შეცვალა, რომ ეს "ქართულ ოცნებასთანაა" კავშირში", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
"ქართუ ჯგუფის" იურისტის არჩილ კბილაშვილის თქმით, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება.
"სასამართლომ ვერ გაუძლო 600 ათას ლარიან გამოწვევას. ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული მოსამართლის პრობლემა არ არის, სწორედ ამიტომ, მოსამართლის ვინაობის დასახელებისაგან თავს შევიკავებ", - განაცხადა კბილაშილმა.
ნუგზარ ხუციშვილის ადვოკატის ალა კახნიაურის განცხადებით, უახლოეს დღეებში სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შევა.
2012 წლის 27 თებერვალს საქართველოს კონტროლის პალატამ მიიღო დადგენილება, რომლითაც შპს "ქართუ მშენებელი", საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" და ფიზიკური პირი ნუგზარ ხუციშვილი 200-200 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. ამის საფუძველი, კონტროლის პალატის განცხადებით, ნუგზარ ხუციშვილის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნებისათვის" უკანონოდ შეწირული 20 ათასი ლარი გახდა.
