საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში კონკრეტული პიროვნებებისთვის
ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების გადაწყვეტილებას მიესალმება.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, სასჯელაღსრულების სისტემის გამჭვირვალეობა და სამოქალაქო საზოგადოების წვდომის გაზრდა სისტემის გაჯანსაღების, არასათანადო მოპყრობის თუ სხვა უფლებადარღვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.
„პრევენციის ეროვნული მექანიზმი კომპეტენტურ ორგანოებს მოუწოდებს, სიაში აღნიშნულ პირთა უფლებამოსილებები უმოკლეს ხანში განსაზღვროს. კერძოდ, მათ მიერ ინფორმაციის მოპოვებისა და მასზე რეაგირების მექანიზმები, რათა საზოგადოებრივი მონიტორინგის სისტემა სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის სრულფასოვან ალტერნატივად ჩამოყალიბდეს“ - ნათქვამია განცხადებაში.
სასჯელაღსრულების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტუღუშმა დღეს იმ პირთა სია დაამტკიცა, რომელთაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიენიჭათ.
