შალვა ოგბაიძე საავტომობილო ფედერაციისთვის სამართლებრივ დავას იწყებს
შალვა ოგბაიძე საავტომობილო ფედერაციისთვის სამართლებრივ დავას იწყებს
18:32 15.10.2012
საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრი შალვა ოგბაიძე ფედერაციის დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებს.

ამის შესახებ მან დღეს „ნიუსპრესს“ განუცხადა.

ოგბაიძის თქმით, მის წინააღმდეგ ბრძოლა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ კიდევ 2007 წლიდან დაიწყო, როდესაც იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფედერაციის ხელმძღვანელობიდან გადადგომა მოსთხოვეს. როგორც ის აცხადებს, აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის შემდეგ, საავტომობილო ფედერაციაში საგადასახადო სამსახური შევიდა და 2,5 მლნ ლარზე მეტი დარღვევა „აღმოაჩინა“.

„ჩემი გადადგომის შემდეგ ეს დარღვევა, რა თქმა უნდა, ანულირდა“-აღნიშნა მან.

ოგბაიძის თქმით, ამის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი საავტომობილო ფედერაცია ჩამოაყალიბა, რომლის სათავეში ცესკო-ს თავდმჯდომარის მოადგილე დავით კირთაძე, ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ლევან გახელაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მიხეილ ქავთარაძე, ასევე, მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლები არიან.

„ჩემს წინააღმდეგ შემოტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ტოტალური ნაციონალური წესრიგის დამყარება გადაწყვიტა. ყველა არასამათარობო ორგანიზაციაში, შემოქმედებით კავშირში, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და თუ სასპორტო ფედერაციაში აუცილებლად „ნაციონალების“ წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღიად აღიარებდნენ ხელისუფლების თამაშის წესებს. ამ თამაშის წესებში ჩვენ ვერ ჩავეწერებოდით“ - აღნიშნა ოგბაიძემ და დასძინა, რომ სპორტი აპოლიტიკური საქმიანობაა და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი გამოყენება დაუშვებლად მიაჩნია.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის საავტომობილი ფედერაცია საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც მას ათასობით გულშემატკივრის შეკრება შეეძლო, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიშს იწვევდა.

ოგბაიძე აცხადებს, რომ დღეს, ხელისუფლების შეცვლის პირობებში, სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება გაჩნდა.

გარდა ამისა, ეროვნული საავტომობილო ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი მოლაპარაკებებს რუსთავის ავტოდრომთან დაკავშირებითაც გეგმავს. ოგბაიძე იმედოვნებს, რომ ავტოდრომის ამჟამინდელ მეპატრონესთან შოთა აფხაზავასთან შეთანხმება ყველა საკითხზე იქნება შესაძლებელი.


ბეჭდვა