საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „კავკასუს ონლაინს“ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი გადაცემის გამო ჯარიმა დაეკისრა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, გასულ თვეში, სამაუწყებლო არხების – „СТС“-ის და „Перец“-ის არამართლზომიერად გადაცემის თაობაზე კომისიას განცხადებით შპს „სუპერ ტვ“-მ მიმართა.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, გაირკვა, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას შესაბამისი უფლების მოპოვებისა და კომისიაში ხელშეკრულებების წარმოდგენის გარეშე ახდენდა.
აღნიშნული სამაუწყებლო არხებია - „СТС“, „Перец“, “Propoker”, “BBC Entertainment”, “BBC News”, “Lider TV”, “MTV”, “MTV HD”, “Style TV HD”, “Play TV”, “iconcerts HD”, “Trace Sports HD”, “Motors TV”, “Fashion TV HD”, “EUArmenia”.
კომისიაში გამართულ საჯარო სხდომას „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელიც ესწრებოდა. საკითხის განხილვის შემდეგ, არხების არაკანონიერი რეტრანსლირებისთვის „კავკასუს ონლაინს“ 30 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
