ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი მოითხოვს, მოქალაქე გიორგი მიქიაშვილის საქმეში დაფიქსირებულ უწყებათა დამნაშავე თანამშრომლების დასჯას და სტრასბურგის სასამართლოს მიერ,
მიქიაშვილის სასარგებლოდ სახელმწიფოსთვის დაკისრებული კომპენსაციის არა ბიუჯეტიდან, არამედ, დამნაშავეთა ჯიბიდან ანაზღაურებას.
საქმის „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დეტალები ხატიაშვილმა ჟურნალისტებს წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანთან ერთად გააცნო.
როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, 9 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობა ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევაში ამხილა, რაც წამებას და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და დაზარალებულისთვის 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
რაც შეეხება საქმის დეტალებს, როგორც ხატიაშვილმა განმარტა, გიორგი მიქიაშვილი 2005 წლის ოქტომბერში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.
„საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს მოეჩვენათ, რომ მიქიაშვილმა და მისმა მეგობრებმა ქუჩაში გოგონებს ტელეფონები გასტაცეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს გოგონები მათი მეუღლეები იყვნენ“-განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ მიქიაშვილს 1,5 წლით პატიმრობა შეეფარდა.
ხატიაშვილის თქმით, მსჯავრდებული მეხუთე იზოლატორში მოათავსეს, სადაც მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, რეაქტიული ფსიქოზი განუვითარდა.
გათავისუფლების შემდეგ, ბრალდებულმა შემოწმება და მკურნალობის კურსი „ემპათიაში“ გაიარა.
