საქართვლეოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი არჩილ კბილაშვილი მიიჩნევს, რომ კომპანია „გამას“ წარმომადგენლის განცხადება,
რომლის თანახმად, კომპანია „ბურჯის“ შესყიდვა მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას დაავალებით მოხდა, გამოძიების ინტერესის საგანი უნდა გახდეს.
„მსგავსი განცხადებები, რაც ჩვენ კომპანია „გამას“ წარმომადგენლის გიორგი ყავლაშვილისგან მოვისმინეთ, პროკურატურის შესწავლის საგანი უნდა გახდეს. თუ ის სინამდვილეს შეესაბამება, ნიშნავს, რომ პროკურატურა ერეოდა იმ საქმეში, რაც მისი კომპეტენცია არ არის. შესაბამისად, ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს“-განაცხადა კბილაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, კბილაშვილი აცხადებს, რომ მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
მისივე თქმით, ზოდელავა დღესდღეობით არც რაიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი და არც ბრალდებულია. შესაბამისად, თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. იმ შემთხვევაში კი, თუ ძიების პროცესში რომელიმე საქმეში მისი დანაშაულის კვალი გამოიკვეთება, პროკურატურა მისით აუცილებლად დაინტერესდება.
რაც შეეხება პროკურატურაში საკადრო ცვლილებებს, მთავარი პროკურორობის კანდიდატი აცხადებს, რომ ზედა დონის ხელმძღვანელები აუცილებლად შეიცვლებიან, ხოლო პროკურორები, რომლებიც „მუშა პროცესში არიან და საქმეს აკეთებენ“ პირველ ეტაპზე მაინც თანამდებობას შეინარჩუნებენ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი კომპანია „ბურჯი“ ზაფხულში დააყადაღეს შემდეგ მისი ქონება აუქციონზე გაიყიდა. იგი კომპანია „გამამ“ იყიდა.
