დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც თბილისის მერიის ობიექტებზე მუშაობდნენ, ერთი კვირის ვადაში ალტერნატიულ სამსახურებში გადანაწილდებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციამ თანამშრომლების სამსახურეობრივი გადანაწილების ახალი გეგმა შეიმუშავა. გადანაწილების შემდეგ ყველა მათგანს შეუნარჩუნდება თანამდებობრივი სტატუსი, წოდება და ხელფასი.
მიმდინარე კვირის განმავლობაში თბილისის მერია დააკომპლექტებს „თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს" და შესაბამისად, ეტაპობრივად გადავლენ ახალ სამსახურებში დაცვის პოლიციის თანამშრომლები.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს რომ ყველა მათგანისთვის უკვე მოძიებულია ახალი სამუშაო ადგილი“ - აცხადებს სამინისტრო.
დაცვის პოლიციის რამდენიმე ასეულ თანამშრომელს პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, რაც თბილისი მერიამ უსაფრთხოების საკუთარი სამსახური ჩამოაყალიბა.
