საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი არჩილ კბილაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურა არა აღმასრულებელ,
არამედ სასამართლო ხელისუფლებას უნდა ექვემდებარებოდეს. ამის შესახებ კბილაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღესდღეობით, პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილია, პროკურორი ემორჩილება იუსტიციის მინისტრს, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირია. ასევე, პროკურორების დანიშვნა იუსტიციის უწყების ხელმძღვანელის პრეროგატივაა.
„შედეგად გვაქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას დაქვემდებარებული პროკურატურა, რაც დასაგმობია“ - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, უნდა აღდგეს გენერალური პროკურატურა, რომლის ხელმძღვანელის დანიშვნა უნდა მოხდეს პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის წარდგინებით და პარლამენტის დამტკიცებით.
კბილაშვილი მიიჩნევს, რომ გენერალური პროკურორები ხუთწლიანი ვადით უნდა დაინიშნონ. მათი გადაყენების წესად კი, იმპიჩმენტი უნდა განისაზღვროს.
„არ შეიძლება პროკურატურის პირველი პირი ანგარიშვალდებული იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე. სწორედ, ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს პროკურატურა მოიაზრება რეპრესიულ მანქანად აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში“-აღნიშნა კბილაშვილმა.
