საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი არჩილ კბილაშვილი გახმაურებული საქმეების ძიებაში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, არსებობს ე.წ გახმაურებული საქმეები, რომელთა მიმართაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესია და რომლებიც ბოლომდე გამოძიებული არ არის, მათ მიმართ დარჩენილია კითხვები ან საზოგადოებას უკმარისობის გრძნობა აქვს.
მთავარი პროკურორობის კანდიდატის თქმით, ასეთი საქმეები ძიებაში დაბრუნდება და მათ გარშემო ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. მაგალითად, კბილაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების, ასევე, გირგვლიანის და რობაქიძის საქმეები მოიყვანა.
მისი თქმით, გირგვლიანის საქმეზე არსებობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფოს მის ხელახლა გამოძიებას ავალებს. ასევე, ბევრი კითხვაა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას საქმეს, კბილაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერის ოჯახის წევრები არ იზიარებენ გამოძიების ვერსისას მისი გაზით მოწამვლასთან დაკავშირებით.
„ამ საქმეების ძიებაში დაბრუნების მთავარი მიზანია ყველა კითხვას პასუხი გაეცეს“- აღნიშნა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, გადაისინჯება ყველა პირის საქმე, რომელიც მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ ფორმით უსამართლობის მსხვერპლი გახდა; უკანონოდ იხდის სასჯელს; არადაეკვატური სასჯელის ზომა შეეფარდა ან ქონება უკანონოდ ჩამოერთვა.
მთავარი პროკურორობის კანდიდატი აცხადებს, რომ ამისთვის ცვლილებები შევა საპროცესო კოდექსში. ვინადიან, დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქმის გადასინჯვა მხოლოდ ახლადაღმოჩენილი გარემოების შემთხვევაშია შესაძლებელი.
