არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით,
სადაც მან სასამართლოზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი ის პრობლემაა, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშებში არაერთხელ აისახა.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი” იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი ხელისუფლება შესაძლებელს გახდის დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას ქვეყანაში და არ დაუშვებს რაიმე სახის ჩარევას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა წარმატებული დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ქართველმა ხალხმა კი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარი დემოკრატიას დაუჭირა.
ამასთან, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ეხმაურება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმ განცხადებას, სადაც იგი მოსამართლის დაჯარიმებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ჩვენ ამასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ და ამ ადამიანს ფინანსური ჯარიმა დაეკისრება".
„42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ დაუშვებელია წინასწარი განცხადების გაკეთება იმ საქმის შედეგებზე, რომელზეც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია.
„ამ სენსიტიურ და გარდამავალ პერიოდში, როდესაც სასამართლოებში იხილება საარჩევნო დავები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეები კანონის თანახმად თავისუფალნი არიან, როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლისაგან“- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ პირს, გადაწყვეტილებების მიღებამდე არ გააკეთონ წინასწარი განცხადებები მოსამართლეთა მიმართ დისციპლინარული ზომების მიღების შესახებ.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამგვარმა განცხადებებმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სხვა მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.
