სასჯელაღსრულების სამინისტრო აცხადებს, რომ გაზეთ „ასავალ დასავალში“ გამოქვეყნებული გლდანის #8 დაწესებულების
ადმინისტრაციის თანამშრომლების სახელები და მისამართები დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან არ გასაჯაროებულა.
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთანაა დაკავშირებული, თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების გარდა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.
„სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ადასტურებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია დაწესებულების ადმინისტრაციის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ განსაჯაროებული არ ყოფილა“ - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პირადი საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა ან გავრცელება, დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
„იმედს ვიტოვებთ, რომ საგამოძიებო ორგანოები აღნიშნულ ფაქტს ყურადღებით მოეკიდებიან და იმ პირთა იდენტიფიცირებას მოახდენენ, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია კანონის მოთხოვნათა დარღვევით საჯარო გახადეს“ - აცხადებენ სამინისტროს წარმომადგენლები.
ამასთან, ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, თუ სასჯელაღსრულების სისტემის რომელიმე მოხელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ინფორმაცია აქვთ, ის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდონ და ხსენებულ პირებთან პირადი კომუნიკაცია არ დაუშვან.
„საზოგადოებას აქვე განვუმარტავთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ხელისუფლების წარმომადგენელზე, მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, მათ სატრანსპორტო საშუალებაზე, ან/და მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დანაშაულია“ - ნათქვამია განცხადებაში.
გაზეთმა „ასავალ დასავალმა“ გლდანის #8 დაწესებულების თანამშრომელთა პერსონალური მონაცემები - სახელები, გვარები, დაბადების თარიღები და მისამართები 2-7 ოქტომბრის ნომერში გამოაქვეყნა.
