სახალხო დამცველის აპარატმა არჩევნებთან დაკავშირებით სხვადასხვა დაწესებულებაში საგანგებო მონიტორინგი განახორციელა
სახალხო დამცველის აპარატმა არჩევნებთან დაკავშირებით სხვადასხვა დაწესებულებაში საგანგებო მონიტორინგი განახორციელა
18:35 02.10.2012
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა სასჯელაღსრულების სხვადასხვა  დაწესებულებაში საგანგებო მონიტორინგი განახორციელა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საარჩევნო უბნები ქუთაისის N2, გლდანის N8, თბილისის N12 და ქსნის N15 დაწესებულებაში იყო გახსნილი, ხოლო დანარჩენ დაწესებულებებში ხმის მიცემა გადასატანი ყუთების საშუალებით მოხდა.

„დადებითად მომენტად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ყველა დაწესებულებაში არჩევნების პროცესმა მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა. არცერთ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე ძალდატანებას და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და პატიმრების გადმოცემით, მათ პოზიცია თავისუფლად დააფიქსირეს“ - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები.

მათივე განცხადებით, ქსნის N15 დაწესებულებაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება 414 მსჯავრდებულს ჰქონდა, რომელთაგან მონაწილეობის სურვილი 131 მსჯავრდებულმა გამოთქვა, ხოლო რეალურად არჩევნებში მონაწილეობა 64-მა მსჯავრდებულმა მიიღო.

მათივე თქმით, როგორც გაირკვა, მსჯავრდებულთა უდიდეს ნაწილს პირადობის მოწმობა არ ჰქონდა, რის გამოც მათ არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლეს.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისის N12 დაწესებულებაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება 181 მსჯავრდებულს ჰქონდა, მონაწილეობა კი, 92 მსჯავრდებულმა მიიღო.

რაც შეეხება გლდანის N8 დაწესებულებას, საარჩევნო უბანი დაწესებულების D კორპუსში იყო გახსნილი. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 1 008 პატიმარს ჰქონდა, რომელთაგან საარჩევნო პროცესში მონაწილეობა 235-მა მიიღო.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, N18 დაწესებულების ხმის მიცემის უფლების მქონე 36 პატიმრიდან მონაწილეობა მონიტორინგის დროის მიხედვით, მხოლოდ 2-მა მიიღო.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის N2 დაწესებულებაში არჩევნებში მონაწილეობა ხმის მიცემის უფლების მქონე 235 პატიმრიდან ხმა მხოლოდ 53 პატიმარმა მისცა. დანარჩენი პატიმრების უმეტესობას პირადობის მოწმობა არ ჰქონდა.

„რუსთავის N17 დაწესებულებაში არჩევნებში 116 მსჯავრდებულიდან 13-მა მიიღო მონაწილეობა. მსგავსი ვითარება იყო რუსთავის N16 დაწესებულებაშიც, სადაც 71 მსჯავრდებულიდან არჩევნებში ხმა 9 მსჯავრდებულმა მისცა. რუსთავის N6 დაწესებულებაში არჩევნები გადასატანი ყუთით ჩატარდა, სადაც ხმის მიცემის უფლების მქონე 31 პატიმრიდან არჩევანი 7-მა დააფიქსირა“ - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

მათივე თქმით, ქალთა N5 დაწესებულებაში ხმა 10-მა მსჯავრდებულმა მისცა. ზუგდიდის N4 დაწესებულებაში კი, არჩევნებში 42-მა პატიმარმა მიიღო მონაწილეობა.

აპარატის ინფორმაციით, ბათუმის N3 დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე 203 პატიმრიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 15 პატიმარმა მიიღო, ხოლო გეგუთის N14 დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლება 209 მსჯავრდებულს ჰქონდა, საიდანაც მონაწილეობა 32 მსჯავრდებულმა მიიღო.

ბეჭდვა