საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 21:00 საათისთვის საბურთალოს #3 ოლქის #69 საარჩევნო უბნის და კრწანისის #4 ოლქის #31 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნული რაზმის მობილიზება შეინიშნებოდა.
როგორც საია-ს წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ პირები, რომლებიც ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებდნენ.
საია-მ უკანასკნელი საათების განმავლობაში დამატებით რამდენიმე დარღვევა დააფიქსირა. კერძოდ, კრწანისის #4 საარჩევნო ოლქში მე-16, 29-ე და 31-ე უბნების წინ პოლიციის აქტიური კონცენტრირება შეინიშნება. პოლიციის თანამშრომლები უბანზე გამოცხადებულ პირებს ვინაობას და უბანზე გამოცხადების მიზეზს ეკითხებიან.
საია-ში აცხადებენ, რომ დუშეთის ოლქში #49 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციისა და საჯარო მოხელეების მობილიზება შეინიშნება. საბურთალოს #3 ოლქის #8 უბნის წინ კი, პოლიტიკური ძალების აქტივისტებს შორის დაპირისპირება შეინიშნება.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე უბანზე კვლავაც პრობლემად რჩებოდა მარკირების პროცედურის წარმართვა. მარკირების სითხის უხარისხობის გამო შესაბამისი კვალი არ რჩება.
„დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა დაფიქსირდა დუშეთში #49 და კასპის ოლქში #32 უბანზე. მარკირება გავლილი პირების მიერ კენჭისყრაში მონაწილეობის ფაქტები საბურთლოს #3 ოლქის #58 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა; გორის #32 საარჩევნო ოლქის #63 საარჩევნო უბანზე, სოფელ მეღვრეკისში ამომრჩეველს სიაში მისი სახელისა და გვარის გასწვრივ ხელმოწერა დახვდა“ - აცხადებენ საია-ში.
მათივე თქმით, საბურთალოს #3 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რამდენიმე პირადობის მოწმობა აღმოაჩნდა, ხოლო დიდუბის #8 ოლქის #28 უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირს მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე კენჭისყრაში მონაწილეობის ნება დართეს.
როგორც საია-ში აცხადებენ, კრწანისის ოლქის მე-18 უბანზე სიაში არმყოფი პირის მიერ ხმის მიცემა დაფიქსირდა, რომელსაც რეგისტრაციის მოწმობა არ ჰქონდა.
მათივე თქმით, გერმანიაში გახსნილ საარჩევნო უბანზე იმ უკმაყოფილო ამომრჩეველთა რაოდენობა იზრდება, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ, თუმცა, საარჩევნო სიებში არ აღმოჩნდნენ. ამ პერიოდისთვის ამომრჩეველთა მიერ აღნიშნული მიზნით სულ 19 საჩივარია დაწერილი.
საია საარჩევნო კომისიებს, პოლიტიკურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავს, ყველაფერი იღონონ იმისთვის, რომ ხმის დათვლის პროცედურებმა მშვიდ ვითარებაში და კანონის დაცვით ჩაიაროს.
