ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი სოსო ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას უბრალო თავდაცვას უწოდებს.
ამის შესახებ გელა ნიკოლაიშვილმა "ნიუსპრესს" განუცხადა.
"პოლიციის გამჭვირვალე შენობას ჩირქი არ უნდა მოეცხოს. აქედან გამომდინარე, ვანო მერაბიშვილიც თავის უწყებას თავგამოდებით იცავს. დარწმუნებული ვარ, ეს სადმე გარეთ რომ მომხდარიყო, პოლიციელი აუცილებლად პასუხს აგებდა. თუმცა, შუშის შენობების მიმართ ასეთი ავადმყოფური გაფეტიშებაა მიზეზი, რის გამოც არცერთი პოლიციელი არ დასჯილა,"- განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
მისივე განმარტებით, ეს უბედური შემთხვევა რომ ყოფილიყო ყველა ვიდეოთვალი გაშიფრული იქნებოდა.
"რაღად უნდა ამას მონიტორინგის გამკაცრება?! ყველა პოლიციის შენობაში არის უამრავი ვიდეოთვალი. ქიმერიძის სიკვდილი ნამდვილად უბედური შემთხვევა რომ ყოფილიყო უკვე ყველა ვიდეო თვალი გაშიფრული იქნებოდა და ყველას დაანახებდნენ სიმართლეს. თუმცა, ესენი გაიძახიან, რომ ხაშურის პოლიციაში არცერთი ვიდეოთვალი არ მუშაობდა,"- დასძინა ნიკოლაიშვილმა.
შინაგას საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სოსო ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და მომხდარს აღმაშფოთებელი უწოდა. მისივე განცხადებით, პოლიციის შენობაში მისული ნებისმიერი სტატუსის მქონე ადამიანის გადაადგილების და უსაფრთხოების დაცვის პროცედურები უფრო გამჭვირვალე გახდება.
"უახლოეს დღეებში შესაბამის ბრძანებულებას გამოვცემთ და ამ ბრძანებულების მთავარი ნაწილი იქნება ის, რომ დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც განყოფილებას ხელმძღვანელობს, ახალი ნორმების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირადად იქნება. ის იქნება პასუხისმგებელი მათ შორის უბედური შემთხვევის თავიდან აცილებაზე. იმისთვის, რომ ამ ბრძანებულების აღსრულებაზე მონიტორინგი განვახორციელოთ, ყველგან დავაყენებთ ვიდეოკამერებს, რომლებზე კონტროლი ჩვენს გენერალურ ინსპექციას დაევალება,"- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
