შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში ორი მოქალაქის - მამუკა ახალაიასა და გიორგი დალაქიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ისინი შსს-ს ქუთაისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.
განცხადების თანახმად, დაკავებულები ქუთაისში სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მოითხოვდნენ, რომ მათ ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არ მიეცათ.
„მომხდარზე პოლიცია გამოიძახეს. პოლიციამ ისინი გააფრთხილა, თუმცა, ახალაია და დალაქიშვილი გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ. ამჯერად, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციელებს მიაყენეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც მათი დაკავება მოხდა“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მამუკა ახალაიას და გიორგი დალაქიშვილს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წაუყენეს.
დაკავებულები „ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები არიან.
