გურჯაანში ჩვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კრიმინალისტები მუშაობენ
გურჯაანში ჩვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კრიმინალისტები მუშაობენ
23:30 30.09.2012
შინაგან საქმეთა სამინისტრო გურჯაანის სოფელ კოლაგში გარდაცვლილი 10 თვის ჩვილის ბარბარე რაფალიანის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციაში შევიდა განცხადება კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში რაფალიანი ბარბარეს - 10 თვის ბავშვის სახლიდან დაკარგვის შესახებ. სახლში ამ დროს იმყოფებოდნენ დედა, მამა და ბებია.

განცხადების თანახმად, პირველადი გამოკითხვისას ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, რომ უცხო პირი არ შეუნიშნავთ.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიცია ოჯახთან ერთად ბავშვის ძებნას მყისიერად შეუდგა. ჩვილი მალევე სახლის ეზოში, წყლით ნაწილობრივ სავსე ქვევრში იპოვეს.

„ბავშვი საავადმყოფოში მყისიერად გადაიყვანეს. სამწუხაროდ ჩვილი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ოჯახს და გააკეთებს მაქსიმუმს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებული მოვლენები“ - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს განცხადების თანახმად, კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს.

„სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნების" მიერ ასეთი სენსიტიური, ტრაგიკული შემთხვევა პოლიტიკური სპეკულაციების თემა გახდა“ - აცხადებენ შსს-ში.

ადგილზე უკვე გასულია შსს-ს კრიმინალისტების ჯგუფი.

სოფელ კოლაგში ქვევრში ნაპოვნი ჩვილი ბარბარე რაფალიანი გარდაცვლილია. არსებული ინფორმაციით, 10 თვის ბარბარე რაფალიანი მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი, სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა, უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. დაახლოებით ერთსაათიანი ძებნის შემდეგ გოგონა ქვევრში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, იგი გარდაიცვალა. 10 ჩვილი დეიდასთან იყო სტურმად, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ კოორდინატორია.

ბეჭდვა