მანანა ბერიკაშვილი გურჯაანში ჩვილის დაღუპვის ფაქტის სასწრაფო გამოძებას ითხოვს
მანანა ბერიკაშვილი გურჯაანში ჩვილის დაღუპვის ფაქტის სასწრაფო გამოძებას ითხოვს
23:13 30.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი სოფელ კოლაგში 10 თვის ჩვილის დაღუპვის ფაქტის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს.

როგორც მანანა ბერიკაშვილმა ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ეთერში განაცხადა, მომხდარი ფაქტის გამო, ამ დროისთვის შეკრებილია მთელი სოფელი, რომლებმაც გზა გადაკეტეს.

მისივე თქმით, სოფელში სამართალდამცველებიც იმყოფებიან.

„რაღაც უბედურება ხდება ჩვენს თავს. არჩევნების ჩაშლის მცდელობაა, რადგან ხელისუფლება მის ჩაშლას ყველანაირად ცდილობს“ - განაცხადა ბერიკაშვილმა.

მისი თქმით, 10 თვის ჩვილის დეიდას, რომელიც „ქართული ოცნების" კოორდინატორია, კახეთის ყოფილი გუბერნატორის, გიორგი ღვინიაშვილის ბიძაშვილის შვილი ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.

„ეს ქალბატონი ამბობს, რომ გადასაბირებლად ფული შესთავაზეს. ამბობენ, რომ ამ ქალბატონზე ზეწოლას ახორციელებდა გიორგი ღვინიაშვილის ბიძაშვილის შვილი. კვალი მიდის აქეთკენ. ცოტა ხნის წინ ბავშვის დეიდამ, რომელიც ჩვენი კოორდინატორია, მედიისთვის კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სიმართლეს იტყვის, როცა ახალი ხელისუფლება მოვა, რადგან ეშინია, მის ორ შვილსაც იგივე არ გაუკეთონ - განაცხადა ბერიკაშვილმა.

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ქვევრში ნაპოვნი ჩვილი ბარბარე რაფალიანი გარდაცვლილია. არსებული ინფორმაციით, 10 თვის ბარბარე რაფალიანი მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი, სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა, უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. დაახლოებით ერთსაათიანი ძებნის შემდეგ გოგონა ქვევრში იპოვეს. ქვევრი თავდახურული იყო. ჩვილის სავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ის გარდაიცვალა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. სოფელი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.


ბეჭდვა