სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებებში 20 სექტემბრიდან 107 პატიმარი გადაიყვანეს.
როგორც სასჯელაღრულების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო პატიმართა ჯანდაცვის საკითხებს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება.
განცხადების თანახმად, აღნიშნული საკითხისადმი სათანადო ყურადღების გამოჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებასთან პირდაპირ კავშირშია.
„20 სექტემბრიდან სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებებში 107 პატიმარი, ხოლო 78 სამოქალაქო სექტორის საავდამყოფოებში გადაიყვანეს. 8 პატიმარს სხვადასხვა სახის ოპერაცია, მათ შორის, გულის შუნტირება, სახსრის პროთეზირება და სხვა სახის ოპერაციები გაუკეთდა“ - ნათქვამია განცხადებაში.
სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ წარსულში, დაწესებულებებში პატიმართა მიღების დროს, საკარანტინე ნაწილში პატიმართა განთავსება ძირითადად, არადანიშნულებისამებრ ხდებოდა.
სამინისტრო აუცილებელობად მიიჩნევს, კარანტინის გავლის დროს დაწესებულებაში შესული ახალი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება მოხდეს, რათა სხვადასხვა გადამდები დაავადებების სისტემაში გავრცელება თავიდან იქნეს აცილებული.
„მიგვაჩნია, რომ სათანადო სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენა, დაავადებათა გამწვავებას აგვაცილებს თავიდან. როგორც განვილილი პერიოდი ცხადყოფს, პატიმართა ჯანმრთელობის მიმართ არასათანადო ყურადღება ხშირად სხვა უფრო რთული დაავადებების განვითარების საფუძველი ხდებოდა“- აცხადებენ ასმინისტროს წარმომადგენლები.
მათივე თქმით, მინისტრმა ყველა დაეწესებულების ხელმძღვანელსა და სამედიცინო პერსონალს დაავალა - სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით პატიმართა მიმართვებს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდნონ, გაუწიონ მათ სათანადო სამედიცინო დახმარება და საჭიროების შემთხვევაში, პატიმართა შესაბამისი პროფილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი დააყენონ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო დამატებით ყველა სათანადო მედიკამენტსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს შეიძენს.
სამინისტროს წარმომადგენლები ასევე, აცხადებენ, რომ 20 სექტემბრიდან ავადმოყოფობის გამო სასჯელის მოხდის გადავადების მექანიზმი აქტიურად ამოქმედდა. გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღნიშნული პერიოდიდან სასჯელი 20-მდე მსჯავრდებულს გადაუვადდა.
