თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება და ინდმეწარმის საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა ბათილად სცნო.
როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოქალაქე ხათუნა ანთაძის სარჩელი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ დაკმაყოფილდა.
მხარეებს შორის დავის საგანს შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმება და მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან ინკასოს მოხსნა წარმოადგენდა.
"მოსარჩელის განმარტებით, გასული წლის ზაფხულში თბილისში მდებარე მის კუთვნილ მაღაზიაში საგადასახადო ინსპექტორებმა იგი საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის გამო დააჯარიმეს მოგვიანებით,შემოსავლების სამსახურმა "საქართველოს ბანკში" მოსარჩელის ანგარიშს ინკასო დაადო,"- განმარტავენ სასამართლოში.
საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებისა და მოწმეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე დაადგინა, რომ ანთაძეს კანონი არ დაურღვევია.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ შემოსავლების სამსახურის საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი, ბრძანება და საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა ბათილად სცნო.
