საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პატიმართა წამებაში ბრალდებულ ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები
შემდგომი სამართალწარმოების მიზნით ბელგიის იუსტიციის სამინისტროს გადაუგზავნა.
ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცახდა.
ბურჯალიანის თქმით, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოპერატიული მორიგე ვლადიმერ ბედუკაძე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წამებისთვის ბრალდებულად არის ცნობილი. მას აღკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა დაპატიმრება და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
„საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სრულყოფილი და დროული განხორციელება, რის გამოც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მიმართოს ბელგიის მხარეს საქმის შემდგომი გამოძიების საწარმოებლად. ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები შემდგომი სამართალწარმოების მიზნით, დღეს გადაეგზავნა ბელგიის იუსტიციის სამინისტროს“-აღნიშნა ბურჯალიანმა.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაგზავნა სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა.
ამასთან, მისივე თქმით, პროკურატურა ცალსახად ადასტურებს პატიმართა მიმართ წამების, გაუპატიურებისა და სხვაგვარი არაადამიანური მოპყრობის ფაქტების არსებობას, რაც დადასტურებულია გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით. ამ ეტაპზე დაკავებულია 19 პირი.
დანაშაულებში მონაწილე სხვა პირთა გამოსავლენად პროკურატურა ინტენსიურ გამოძიებას აგრძელებს.
ვლადიმერ ბედუკაძე სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც უშუალოდ გადაიღო პატიმართა წამების ამსახველი კადრები.
