„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ სახალხო დამცველის აპარატი პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების მიმართ პასიური იყო
„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ სახალხო დამცველის აპარატი პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების მიმართ პასიური იყო
22:52 28.09.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა პატიმართა მიმართ განხორციელებული წამების აღკვეთა ვერ შეძლო.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატი უნდა ყოფილიყო პირველი, რომელსაც ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები უნდა გამოეაშკარავებინა.

განცხადების თანახმად, აღნიშნული ინსტიტუტის ადეკვატური მუშაობის თვალსაზრისით, ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე გამოკვეთილი პრობლემის გამოსწორება აუცილებელ ამოცანას წარმოადგენს.

„პირველ რიგში, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის შეფასება და ხელახალი შექმნა უნდა მოხდეს, რათა იგი წამების წინააღმდეგ კონვენციის დამატებით ოქმთან სრულ შესაბამისობაში მოვიდეს“ - ნათქვამია განცხადებაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ სახალხო დამცველის აპარატი საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების მიმართ პასიური და უყურადღებო იყო.

„ომბუდსმენმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა ამ სენსიტიურ საქმეებზე. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები პენიტენციური სისტემის მინისტრის მოადგილეებად და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნენ. აღნიშნული გარემოება გვაეჭვებს, რომ ეს ინსტიტუცია დე-ფაქტო კვლავ შსს-ს მიერ კონტროლდება“ - ნათქვამია განცხადებაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აიღონ იმის გამო, რომ ხელისუფლების პროპაგანდას იზიარებდნენ და საქართველოს „წამებისგან თავისუფალ ზონად“ წარმოადგენდნენ.




ბეჭდვა