ქსნის ციხეში ხუთი მსჯავრდებული შიმშილობას განაგრძობს
ქსნის ციხეში ხუთი მსჯავრდებული შიმშილობას განაგრძობს
11:32 28.09.2012
ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა N19 დაწესებულებაში ხუთი პატიმარი შიმშილობას განაგრძობს.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს, რომლის სპეციალური პრევენციული ჯგუფი აღნიშნულ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

სახალხო დამცველის რწმუნებულები იქ განთავსებულ მსჯავრდებულებს გაესაუბრენ. პატიმრები აცხადებენ, რომ 25 სექტემბრიდან შიმშილობა გამოაცხადა 30-მდე მსჯავრდებულმა, რომელთა ძირითადი მოთხოვნაა, გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურება, ასევე, ამუშავდეს და ეფექტური გახდეს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების, ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მექანიზმები.

„ამჟამად, N19 დაწესებულებაში იმავე მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობს ხუთი მსჯავრდებული. მსჯავრდებულთა ნაწილი, მოშიმშილეთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე“ - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

ბეჭდვა