საია პროკურატურას მსჯავრდებულ რამიშვილის განცხადებას უგზავნის და გამოძიების დაწყებას მოითხოვს
საია პროკურატურას მსჯავრდებულ რამიშვილის განცხადებას უგზავნის და გამოძიების დაწყებას მოითხოვს
20:05 27.09.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროკურატურას მსჯავრდებულ რამიშვილის განცხადებას უგზავნის და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, 2012 წლის 26 სექტემბერს, მსჯავრდებულმა ოლეგ რამიშვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს.

საიას ინფორმაციით, განცხადებაში აღწერილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებული რიგი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. კერძოდ კი, განმცხადებელი საუბრობს გასული წლის სექტემბერში #8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

მსჯავრდებული ეჭქვეშ აყენებს სერგო თეთრაძის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას, რომლის თანახმად, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გულის შეტევით გარდაიცვალა და თეთრაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებს ასახელებს.

საიაში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულ ოლეგ რამიშვილის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველია. შესაბამისად, დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მსჯავრდებულ რამიშვილის განცხადება მთავარ პროკურატურას მიაწოდა და განცხადებაში მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა.

საია მოითხოვს, საქართველოს მთავარმა პროკურატურმა უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ფაქტის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება.

ბეჭდვა