ხელმეორე დაკითხვიდან გამოსული „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ გამოძიებას მის მიმართ კითხვები
აღარ აქვს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ეთერში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, დაკითხვაზე მის დაბარებას ხაინდრავა „პრეზიდენტ სააკაშვილის წინასაარჩევნო თაღლითობად“ აფასებს.
„ტყუილს მოკლე ფეხი აქვს, მაგრამ გრძელი კუდი და მე ამ კუდში მიჭირავს ხელი“-განაცხადა ხაინდრავამ.
ის ეჭვს გამოთქვამს, რომ საქართველოს პროკურატურამ და შსს-მ საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ მიწოდებული დოკუმენტები გააყალბეს და საქმემ საერთაშორისო სკანდალის ელფერი მიიღო.
„ამომრჩეველთა ლიგის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ პროკურატურის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, თუმცა, მისივე თქმით, ამჯერად აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კითხვები მას აქვს, რომელთა ნუსხა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის საელჩოს უკვე გადასცა.
მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ კითხებს პასუხი გაეცემა, საქმე აუცილებლად გაგრძელდება.
ხაინდრავა ამტკიცებს, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალა საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიიდან არ არის მიღებული, გარდა ამისა, მისი თქმით, მსგავს დოკუმენტებს ფაქსით არ აგზავნიან. მისი განმარტებით, დოკუმენტების ქართული და ფრანგული ვერსია უახლოეს მომავალში ექსპერტიზას გაივლის. ხაინდარა დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზის შედეგად აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებამ ფრანგული მხარის მიერ მიწოდებული დოკუმენტი გააყალბა.
„საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოხვდა ეს დოკუმენტი მათ ხელში, რა ინსტანციები გაიარა და ვინ არის რედაქტორი. მე ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის გაყალბებაში ან ბოკერია, ან მერაბიშვილი, ან ადეიშვილი, ან ბურჯალიანი მონაწილეობდა. ეს არის ჩემი გონივრული ეჭვი“ - აღნიშნა მან.
ხაინდრავამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „კანონიერი ქურდი“ რეზო ლორთქიფანიძე მისი ბავშვობის მეგობარია, რომელიც საფრანგეთში ლეგალურად იმყოფება და მას ერთი წლის წინ ნამდვილად შეხვდა.
ის დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები მისმა ფილმმა „დემოკრატიის შუქურამ“ გამოიწვია, რომელსაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი აქვს. მისი თქმით, აღნიშნული ფილმის ჩვენებები ევროპის დიდ ქალაქებში იმართება.
„ეს არის განაჩენი სააკაშვილის ტერორისტული რეჟიმისადმი. ფილმს საფუძვლად უდევს ჟენევის დეკლარაცია ტერიტორიზმის შესახებ და სააკაშვილს ამ დეკლარაციის 11-ვე პუნქტი აქვს დარღვეული“-აღნიშნა ხაინდრავამ.
ის თავისი ოჯახის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას ფრანგულ მხარეს სთხოვს.
საქართველოს პროკურატურამ 25 სექტემბერს საფრანგეთის ჟანდარმერიისგან მიღებული მასალა გაავრცელა. მასალაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის ნოემბერში გოგა ხაინდრავა საფრანგეთში „კანონიერ ქურდებს“ შეხვდა და მათ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი, საქართველოში გავლენის დაბრუნება აღუთქვა. ამის შემდეგ ხაინდრავა პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა. დღეს იგი კიდევ კიდევ ერთხელ დაკითხეს.
ამასთან, ცოტა ხნის წინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ხაინდრავას დაკითხვაზე კიდევ დაიბარებენ.
