ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გოგა ხაინდრავას დაკითხვა მიმდინარეობს
ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გოგა ხაინდრავას დაკითხვა მიმდინარეობს
14:38 27.09.2012
ვაკე-საბურთალოს პოლიციის პირველ განყოფილებაში ამ წუთებში „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, რეჟისორ გოგა ხაინდრავას დაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც დაკითხვაზე შესვლამდე ხაინდრავამ განაცხადა, ის მზადაა ჩვენება ფრანგულ ჟანდარმერიასაც მისცეს.

„იმედია მექნება შესაძლებლობა შეხვედრები მქონდეს საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, ჟანდარმერიისა და სხვა უწყების წარმომადგენლებთან, რომელთაც შესაძლოა, რაიმე ტიპის კითხვები ჰქონდეთ ჩემს მიმართ. ეს დოკუმენტები გაყალბებულია ქართული პროკურატურის მიერ. იქ არის მონტაჟი და ფრანგული ენისთვის არარსებული ტერმინოლოგიის გამოყენება“ - განაცხადა დაკითხვაზე შესვლამდე ხაინდრავამ.

საქართველოს პროკურატურამ 25 სექტემბერს საფრანგეთის ჟანდარმერიისგან მიღებული მასალა გაავრცელა. მასალაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის ნოემბერში გოგა ხაინდრავა საფრანგეთში „კანონიერ ქურდებს“ შეხვდა და მათ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი, საქართველოში გავლენის დაბრუნება აღუთქვა. ამის შემდეგ ხაინდრავა პროკურატურამ დაკითვაზე დაიბარა. დღეს მისი დაკითხვა მეორედ მიმდინარეობს. ამასთან, ფრანგულმა მხარემ გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ საფრანგეთი გაოცებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ საგამოძიებო საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების გამო. გუშინ საქართველოს იუსტციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა განმარტა, რომ ფრანგული მხარისგან მასალებთან დაკავშირებით კონფიდენციალობის დაცვის მოთხოვნა არ ყოფილა.

ბეჭდვა