სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს გამთენიისას, პატიმართა
მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში, წამებასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ოთხი პირი დააკავეს.
როგორც იუსტიციის სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა, დაკავებულია ქუთაისის 2-ე საპყრობილის დირექტორი ზურაბ რუხაია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსი დავით ნარსია და მორიგე ინსპექტორები ნიკოლოზ ვახტანგიშვილი და გიორგი გრძელიძე.
ტყეშელაშვილის თქმით, აღნიშნული პირები დანაშაულს სჩადიოდნენ ქუთაისის 2-ე საპყრობილის ტერიტორიაზე.
მისივე თქმით, გამოძიების ამ ეტაპზე, სულ, დაკავებულია 16 პირი. მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ორი ციხის დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
