შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით ჩატარებულ ღონისძიებებზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა, რომლის შედეგად ქართულ პოლიტიკაში კანონიერი ქურდების ჩართულობის დეტალები და ცალკეულ ქართველ პოლიტიკოსებთან კავშირები გამოვლინდა.
განცხადების თანახმად, 23 სექტემბერს შსს-ს მიერ თბილისში ქართველი კანონიერი ქურდი დათო ხიზანიშვილი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ხიზანიშვილი კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის დავალებით მოქმედებდა და მის ამოცანას მის მიერ შექმნილი ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით დაშინების და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის გზით ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველზე ზეწოლის მოხდენა წარმოადგენდა.
განცხადების თანახმად, შემდეგი ჩანაწერი კოალიცია „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომერ კახი კალაძეს ეხება.
„წარმოგიდგენთ შსს-ს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, სადაც ნათლად ვლინდება კახი კალაძის და რვა ქართველი კანონიერი ქურდის შეხვედრის ფაქტი უცხოეთში და კალაძის ახლო დამოკიდებულება ამ კრიმინალური წრისადმი“ - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, მესამე ფაქტი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გუბაზ სანიკიძის და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, ამჟამად მოსკოვში მცხოვრები ვალერი ხაბურძანიას შორის შემდგარი გარიგების დეტალებს ეხება.
კერძოდ, მათი გარიგების მიხედვით, გუბაზ სანიკიძე ვალერი ხაბურძანიას რუსეთში, ციხიდან ერთ-ერთი კანონიერი ქურდის გამოშვებას სთხოვს და ამის სანაცვლოდ, ფულად ანაზღაურებას სთავაზობს.
