წულუკიანი - ქუთაისში ამომრჩევლის მოსყიდვისთვის დაკავებული ახალგაზრდები ხელისუფლების მძევლები არიან
წულუკიანი - ქუთაისში ამომრჩევლის მოსყიდვისთვის დაკავებული ახალგაზრდები ხელისუფლების მძევლები არიან
21:40 26.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი ამომრჩეველთა მოსყიდვაში ბრალდებული 5 ახალგაზრდის საქმის განხილვის 16 ოქტომბრისთვის გადადების შესახებ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

როგორც წულუკიანის განცხადებაშია აღნიშნული, საქმის განხილვა მოწმეთა არ არსებობის გამო გადიდო.

„პროკურატურა ივნისის თვიდან ეძებს მოწმეებს. რეალურად, ეს ახალგაზრდები არიან მძევლები ხელისუფლების ხელში, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ და გადაწყვეტილი აქვთ, ბოლომდე იბრძოლონ სიმართლისათვის“ - აცხადებს წულუკიანი.

დეპუტატობის კანდიდატი საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვისთვის დღეს სასამართლოს დარბაზიდან გააძევეს.

გამოძიების მასალების მიხედვით, ხუთ ახალგაზრდას - მიხეილ ამაშუკელს, მიხეილ მესხს, გაგა ამბროლაძეს, ნინო ყურუას და ნინო ჯაბუას ბრალი ედება 2012 წლის ივნისში ქუთაისში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებისას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ მოქალაქეებისთვის მატერიალური დახმარების შეთავაზებაში.

ბეჭდვა