შსს-ს ინფორმაციით, ავთანდილ თევზაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზეა დააკავებული
შსს-ს ინფორმაციით, ავთანდილ თევზაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზეა დააკავებული
16:11 26.09.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი ავთანდილ თევზაძე სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

როგორც შსს-ს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, თევზაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ნანა ავალიშვილს.

„მოგვიანებით კი, ის პოლიციის კანონიერ მოთხოვნას - გამოცხადებულიყო დაკითხვაზე არ დაემორჩილა, გაუწია წინააღმდეგობა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს“-აცხადებს უწყება.

თევზაძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აქვს წაყენებული.

შსს-ს ინფორმაცია თავად „აიტივის“ ჟურნალისტმაც დაადასტურა.

„ვადასტურებ, რომ თევზაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს. ეს არ არის პირველი შემთხვევა კალაძის და მისი გუნდის მხრიდან“-აღნიშნა მან.

თევზაძე სამართალდამცავებმა შტაბის შენობიდან დაახლოებით, 10:00 საათისთვის წაიყვანეს. მისთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ.

ბეჭდვა