ბურჯალიანის განმარტებით, საფრანგეთის ჟანდარმერიამ ფაქსი იმ მიზნით გამოგზავნა, რომ ქართულ მხარეს ინფორმაცია სწრაფად მიეღო
ბურჯალიანის განმარტებით, საფრანგეთის ჟანდარმერიამ ფაქსი იმ მიზნით გამოგზავნა, რომ ქართულ მხარეს ინფორმაცია სწრაფად მიეღო
15:05 26.09.2012
საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ საქართველოს პროკურატურისთვის მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება გრძელდება.  ამის შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიღებული ინფორმაციის მოცულობა საკმაოდ დიდია და საზოგადოებას დამატებით ცნობებს შესაბამისი ორგანოები მიაწვდიან.

რაც შეეხება იმ საკითხს, იგზავნება თუ არა მსგავსი სახის ინფორმაცია ფაქსის საშუალებით, ბურჯალიანი განმარტავს, რომ იმ მიზნით, რომ ქართულ მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სწრაფად ჰქონოდა, ჟანდარმერიამ სწორედ ელექტრონული ფოსტა და ფაქსი გამოიყენა.

„ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს ამ ყველა ინფორმაციის ორიგინალი. თუმცა, იმისთვის, რათა მსგავსი ტიპის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოგზავნილიყო ძალიან სწრაფად, საფრანგეთის ეროვნულმა ჟანდარმერიამ სწორედ სწრაფი კომუნიკაციის საშუალებები გამოიყენა, რადგან ინფორმაცია, რომელსაც ქართულ მხარეს აწვდიდნენ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს ინფორმაცია ქართულ მხარეს უნდა ჰქონოდა ძალიან სწრაფად“-განაცხადა ბურჯალიანმა.

მისივე თქმით, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მხრიდან კონფიდენციალობასთან დაკავშირებით არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა.

ბურჯალიანის განცხადებით, ინფორმაციის ორიგანლი დღეს დილით ჩამოვიდა საქართველოში, აღნიშნულ თანამშრომლობაში კი, საელჩოებსა და დიპლომატიურ არხებს შორის არავითარი კომუნიკაცია არ შემდგარა.


ბეჭდვა