საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი მთავარი მრჩეველი, 2006 წელს ჯაშუშობისა და სახელმწიფოს ღალატის მუხლით გასამართლებული სიმონ კილაძე მის მორალურ და პოლიტიკურ რეაბილიტაციას მოითხოვს.
ამის შესახებ კილაძემ დღეს კავკსიის სახლში „უფლებათადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარესთან ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კილაძის თქმით, 2006 წელს მისგან აღიარებითი ჩვენება ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით მიიღეს. კერძოდ, მას შვილების ლიკვიდაციით დაემუქრნენ და შესაბამისი საპროცესო შეთანხმება გააფორმეს, რომლის გადახედვასაც კილაძე დღეს მოითხოვს.
„მოვითხოვ ჩემს მორალურ და სამართლებრივ რეაბილიტაციას, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებით, თუმცა, ეს ამ ხელისუფლების პირობებში არ მოხდება“ - განაცხადა ყოფილმა პატიმარმა და აღნიშნა, რომ მის საქმეში ისიც კი ვერ დადგინდა, რომელი სახელმწიფოს სასარგებლოდ აწარმოებდა ის ჯაშუშურ საქმიანობას.
როგორც კილაძემ აღნიშნა, ადმინისტრაციაში ცნობილი იყო მისი კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი, რასაც ის არ მალავდა და ეს იმ დროს გახმაურებული გირგვლიანის მკვლელობის საქმისა და ციხის ბუნტის გადასაფარად გამოიყენეს.
„თეთრი ძაფით ნაკერი საქმეა, არასოდეს მიმიწვდებოდა ხელი საიდუმლო დოკუმენტაციასთან, ვაკეთებდი პრესის ანალიზს, რაც ჩემს მოვალეობაში შედიოდა“ - განაცხადა კილაძემ.
ის მოითხოვს „ამ ბინძური პროვოკაციის ავტორებისა და შემსრულებლების - პრეზიდენტ სააკაშვილის, მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის გიორგი არველაძისა და კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის შალვა ჟღენტის პასუხისგებაში მიცემას“.
კილაძეს მისჯილი ჰქონდა 1 წლიანი პატიმრობა და 5 წელი პირობითი მსჯავრი, რაც სრულად მოიხადა.
როგორც „უფლებათადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, კილაძე გაერთიანების მიერ დაწყებულ იმ მოქალაქეთა რეგისტრაციას გამოეხმაურა, რომლებთანაც ხელისუფლებამ საპროცესო შეთანხმება ძალადობის გზით გააფორმა.
მჟავანაძის თქმით, ამ საპროცესო შეთანხმებების გადახედვა მხოლოდ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაში მოხდება, ხოლო ეს ცვლილება ახალი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
