პარტიაში „თავისუფალი საქართველო“ აცხადებენ, რომ ფსევდო-ლიბერალი არასამთავრობოები სახელმწიფოსთან ერთად პარტიის საარჩევნო კამპანიის აკრძალვას ცდილობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, 12 სექტემბერს, ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო სექტორის ზოგიერთმა წარმომადგენელმა - საია-მ, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა, „მრავალეროვანი საქართველომ“, საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, ლგბტ- „იდენტობამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინეს განცხადება, რომლითაც ითხოვენ პარტიის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კლიპთან დაკავშირებით.
განმცხადებლების აზრით, კლიპი შეიცავს „ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას“. განცხადების განხილვა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 18 სექტემბერს გაიმართა.
პარტიის ცნობით, ცესკო-მ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და გამცხადებლების მოთხოვნა დააკმაყოფილა, ხოლო 25 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პროცესი, სადაც „თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, მოსამართლემ არ გაითვალისწინა პარტიის მხარის სამართლებრივად მყარი არგუმენტაცია და „თავისუფალი საქართველო“ 2 000 ლარით დააჯარიმა. პარტიას აგრეთვე აეკრძალა საარჩევნო რგოლის მოცემული ფორმით გამოყენება.
„ხაზგასმით აღნიშვნის ღირსია, რომ საქმეში მთავარ ბრალმდებლად მოგვევლინა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელსაც ვურჩევთ, გაერკვეს მისი მოქმედების მიზნებში და ჩამოყალიბდეს ებრძვის სააკაშვილის დიქტატორულ რეჟიმს, რომელსაც მართლაც არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებებთან, თუ ებრძვის ეროვნულ ოპოზიციას“- აცხადებს პარტიის პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე.
მისივე თქმით, ფსევდო-ლიბერალური ორგანიზაციების, ცესკო-ს და შემდეგ სასამართლოს პოზიცია, „თავისუფალი საქართველოსთვის“ არჩევნებამდე 6 დღით ადრე საარჩევნო რგოლის აკრძალვასთან დაკავშირებით, პარტიის საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მცდელობას წარმოადგენს.
„თუმცა, „თავისუფალი საქართველო“ ყოველგვარი ზეწოლის და უკანონო ბარიერების მიუხედავად, მაინც ახერხებს მთავარი სათქმელის საზოგადოებამდე მიტანას. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომელი პოლიტიკური პარტიაა საქართველოში ეროვნული ძალა და ლიბერალიზმის ნიღაბს ამოფარებული სახელმწიფო ორგანოების და არასამთავრობო სექტორის მცდელობა, შედეგს ვერ გამოიღებს“- აცხადებენ პარტიაში.
