კოალიცია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თეა წულუკიანის მტკიცებით, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით ივნისში დაკავებული ახალგაზრდების -
მიხეილ ამაშუკელის, მიშა მესხის, გაგა ამბროლაძის, ნინო ყურუას და ჯაბუას საქმეში დანაშაულის კვალი არ იკვეთება.
როგორც წულუკიანის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების მასალების მიხედვით, დაკავებულებს ბრალი ედებათ 2012 წლის ივნისში, ქუთაისში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებისას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, მოქალაქეებისთვის მატერიალური დახმარების შეთავაზებაში. თუმცა, წულუკიანის განმარტებით, ახალგაზრდების ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არის და სახეზეა პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან, რომელიც მომავალ თაობას დაუპირისპირდა.
„უფრო მეტიც, 21 წლის ნინო ყურუას პროკურატურამ აპარატურით აღჭურვილი აგენტი პროვოკატორი მიუგზავნა, რომელიც დაჟინებული კითხვების მეშვეობით აიძულებდა მას დანაშაული ჩაედინა. ბრალდებას არ ჰყავს არც ერთი რეალური მოწმე. პატიმრები ბრალს არ აღიარებენ და გადაწყვეტილი აქვთ, ბოლომდე იბრძოლონ სიმართლისთვის“ - აცხადებს წულუკიანი.
მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში მოსამართლეები მხოლოდ სხდომების გადადებას ახერხებენ და სიმართლეს თვალს ვერ უსწორებენ.
ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდების მორიგი სასამართლო პროცესი დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
