ტრანსპორტის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე სანქციები მკაცრდება
ტრანსპორტის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე სანქციები მკაცრდება
00:39 03.08.2021
პარლამენტის წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით წარადგინა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შესახებ", რომელიც სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

მომხსენებელმა განაცხადა, რომ 2020 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში 4999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთა შედეგადაც დაიღუპა 450 პირი და დაშავდა 6640.

მისი თქმით, „ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116- ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები მძიმე სამართალდარღვევებს წარმოადგენენ და ამჟამად მოქმედი ჯარიმის ზომები ვერ უზრუნველყოფენ ამ სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენციას, მიზანშეწონილია, ამ სამართალდარღვევების სიმძიმის გათვალისწინებით დადგინდეს პროპორციული პასუხისმგებლობის ზომები. სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა".

კანონპროექტის მიხედვით იზრდება სხვადასხვა ანალოგიური სამართალდარღვევისათვის დაწესებული სანქციები.

პარლამენტმა 82 ხმით მხარი დაუჭირა კანონპროექტს.
ბეჭდვა