სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური სუბიექტების წლიური ხარჯვის ზღვრული მოცულობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ მონიტორინგი პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებზე ხორციელდება, რათა უზრუნველყოფილ იქნას პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობა და პოლიტიკური პარტიების ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე.
აუდიტის სამსახურის ცნობით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი პოლიტიკური სუბიექტებისათვის აწესებს შემოწირულებების მიღების და ხარჯვის ლიმიტს. კანონი არ აწესებს პოლიტიკური პარტიების კანონიერი შემოსავლის საერთო მოცულობის ლიმიტს, თუმცა, დადგენილია ხარჯვის ზღვრული მოცულობა. ორგანული კანონის 251(1) მუხლი ადგენს, რომ წლის განმავლობაში პოლიტიკური სუბიექტის მიერ გაწეული ხარჯის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს, ხოლო 2012 წლის მდგომარეობით, კანონით დადგენილი წლიური ხარჯვის ზღვრული მოცულობა 48,458,298 ლარს შეადენს.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 17 სექტემბერს, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყველა საარჩევნო სუბიექტისგან მიიღო საარჩევნო პერიოდის ფინანსური დეკლარაციები. დეკლარაციების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სამი სუბიექტი ყველაზე მაღალი საერთო შემოსავლით 12 სექტემბრის მდგომარებით - კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" – 51,807,096 ლარი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 22,934,138 ლარი; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ -1,613,849 ლარი.
აუდიტის სამსახურის ცნობით, 21 აგვისტოს შემდეგ პოლიტიკური გაერთიანებების მიერ გაწეული ხარჯები გაიზარდა. 12 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით დადგენილ ზღვრულ მოცულობაში შესატანი ხარჯები პოლიტიკური გაერთიანებების მიხედვით შემდეგია: კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" - 36,385,936 ლარი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 16,325,928 ლარი; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - 1,348,212 ლარი.
აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯები მოიცავს როგორც კანონიერ ხარჯებს, რომლებიც მოცემულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილ დეკლარაციებში, ასევე, სასამართლოს მიერ დადგენილ უკანონო ხარჯებს. შესაბამისად, კანონით დადგენილი 48,458,298 ლარის ლიმიტის მიღწევამდე, ეს პოლიტიკური სუბიექტები უფლებამოსილნი არიან, გაიღონ შემდგომი ოდენობის ხარჯები: კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" - 12,127,362 ლარი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 32,555,335 ლარი; „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - 47,110,086 ლარი.
