საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიწოდებული მასალების საფუძველზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება -
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელდა გიორგი ხაინდრავას პირველადი დაკითხვა.
განცხადების თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ზემოთ აღნიშნული მასალების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას, ხოლო გიორგი ხაინდრავას შემდგომი დაკითხვა 27 სექტემბერს შედგება.
საქართველოს პროკურატურამ გუშინ გაავრცელა მასალა, რომელიც მისი თქმით, საფრანგეთის ჟანდარმერიამ მიაწოდა. მასალაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის ნოემბერში „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა საფრანგეთში „კანონიერ ქურდებს“ შეხვდა და მათ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი, საქართველოში გავლენის დაბრუნება აღუთქვა. ამის შემდეგ კი, ხაინდრავა დაკითვაზე დაიბარეს.
